მორიგი სიახლე კვარაცხელიაზე - ხვიჩას ესპანური კლუბი აკვირდება #1TVSPORT

შვედეთთან შესრულებული დუბლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ისევ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ერთ-ერთ ლიდერს კარიერის გაგრძელების ვარიანტი ესპანეთის ჩემპიონატში აქვს. Fichajes-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით „ვილიარეალი“ ინტერესდება.

ესპანელთა ცნობის მიხედვით, „ყვითლები“ „მილანთან“ ერთად იბრძოლებენ ნიჭიერი თავდამსხმელის გადასაბირებლად. თავის მხრივ, ყაზანური კლუბი მზადაა ხვიჩა კვარაცხელია გაუშვას, თუ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

რუსეთის ჩემპიონატის 2021/2022 წლების სეზონზე 20 წლის ქართველმა 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩას შრომითი ხელშეკრულება „რუბინთან“ 2024 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი.

მისი შეფასების დროს მთავარი კრიტერიუმი სანაკრებო შეხვედრებია – ხვიჩამ 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრების 6 გოლიდან 4 მის ანგარიშზეა.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, „ვილეარეალი“ 15 ქულით მე-12 ადგილზეა და ხუთეულში მყოფ „ბეტისს“ 6 ქულით ჩამორჩება.