მორიგი ქართული გოლი - გვილიამ კონკურენტს გაუტანა (ვიდეო)
მორიგი ქართული გოლი - გვილიამ კონკურენტს გაუტანა (ვიდეო)

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში თავი გოლით გამოიჩინა. ის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვარშავის „ლეგიას“ სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

პოლონური არმიის გუნდმა იოჟეფ პილსუდსკის სახელობის სტადიონზე კონკურენტს, მეოერეადგილოსან კრაკოვის „კრაკოვიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გვილია ვარშაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მას გატანა 39-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ, ბურთი ძელს მოარტყა. ხუთ წუთში კი შორიდან მისი ძლიერი დარტყმა ზუსტი გამოდგა და ვარშაველები 2:0 დააწინაურა.

საბოლოოდ, კრაკოველებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „ლეგიამ“ 2:1 მოიგო, 24 ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა, „კრაკოვია“ უკვე 6 ქულით ჩამოიტოვა და ლიდერობა განიმტკიცა. გვილიამ კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა.