მორიგი გოლი ავსტრალიაში - მიქელთაძემ ჩემპიონატის ლიდერს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში მორიგი გოლი გაიტანა და „ნიუკასლ ჯეთსს“ ლიდერ „მელბურნ სიტისთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა –  1:1.

ავსტრალიის A-ლიგის 22-ე ტურის მატჩი ქართველის გუნდმა გასვლაზე გამართა გათამაშების ლიდერთან. მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეთსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბექა დარცმელია განაცხადში ვერ მოხვდა.

მიქელთაძემ თავი 31-ე წუთზე გამოიჩინა, მეტოქეს პენალტიდან გაუტანა და თავისიანები დააწინაურა. „მელბურნ სიტი“ 41-ე წუთზე კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, არბიტრმა სკოტ ჯეიმისონს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

კაცნაკლულულმა ლიდერმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 90+2-ე წუთზე „ნიუკასლ ჯეთს“ მაქს კაპუტომ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამავე ტურში ბაჩანა არაბულის „მაკარტური“ „პერტ გლორის“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდა.

22 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეტსი“ 26 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „მაკარტური“ (25 ქულით) მე-10 პოზიციამდე დაქვეითდა. რაც შეეხება მიქელთაძეს, მას 19 ტურში 6 გატანილი გოლი დაუგროვდა.