„მოქალაქეების“ საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს პოლონეთის სეიმში მართავს
„მოქალაქეების“ საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს პოლონეთის სეიმში მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანისა და პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანია პოლონეთის თავდაცვის პოლიტიკის სტრატეგიის და პლურალისტურ გარემოში მუშაობის გამოცდილების გაზიარება. საუბარი ეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, სადაც თავმოყრილი იქნება 27 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა. აღნიშნული ვიზიტი დაიგეგმა პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალის საქართველოში ვიზიტისას. პარტიაში აცხადებენ, რომ მალგოჟეტა გოშიევსკას ინტერესი გამოიწვია პარტია „მოქალაქეების“ სტრატეგიულმა ხედვამ, თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის და პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლების თანხლებით, უკვე შედგა შეხვედრა სეიმის ვიცე-მარშალთან. დელეგაციის წევრები შეხვდნენ სეიმის ანალიზის ბიუროს ექსპერტებსაც.