მონღოლეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს მსგავს გუნდებთან თამაში გვჭირდება #1TVSPORT
მონღოლეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს მსგავს გუნდებთან თამაში გვჭირდება #1TVSPORT

მონღოლეთის ნაკრების იაპონელი მთავარი მწვრთნელი იჩირო ოცუკა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხების (6:1) მიუხედავად, ცუდ ხასიათზე არ იყო და თქვა, რომ პირველი ტაიმით კმაყოფილი დარჩა.

„ჩვენთვის საქართველოსთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთი წელია, რაც მონღოლეთის ნაკრებს ვავარჯიშებ. შესარჩევ ჯგუფში იაპონიასთან 0:14 როდესაც წავაგეთ, მაშინ ვთხოვე ჩვენს ფედერაციას, რომ განვითარებისთვის ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქეებთან თამაშები სჭირდებოდა. საქართველოს პროფესიონალი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ კი პროფესიონალები არ გვყავს. კლიმატის გამო ჩემპიონატი ექვსი თვე შეწყვეტილია და გამოცდილებაც გვაკლია.

გუნდში კარგი თაობაა, 19-20 წლის ფეხბურთელები. ბედნიერი ვარ, რომ პირველ ტაიმში გოლის გატანაც მოვახერხეთ, მაგრამ მეორე ნახევარში კონცენტრაცია დავკარგეთ. მეორე და მესამე გოლი დროის მოკლე მონაკვეთში გავუშვით, რის გამოც ჩემს ფეხბურთელებს ვუსაყვედურე.

მონღოლეთიდან დელეგაცია თუ გამოგვყვა? არა. პირველი ტაიმის მერე დაგვირეკეს და შედეგი მოგვილოცეს, თამაში ფრედ რომ დაგვესრულებინა, ალბათ ოქროს მედალს მომცემდნენ“, – ამბობს მონღოლეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.