მონაკოს პრინცმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადა
მონაკოს პრინცმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადა

პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად მონაკომაც აღიარა. ამის შესახებ მონაკოს პრინცმა, ალბერტ მეორემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამიტზე განაცხადა. „სიენენის“ ინფორმაციით, მონაკო 145-ზე მეტ სხვა ქვეყანას შეუერთდა, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.

პრინცმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავიდანვე იცავდა ისრაელის უფლებას, „იცხოვროს უსაფრთხო და აღიარებულ საზღვრებში და ისარგებლოს უსაფრთხოებით“, ასევე „პალესტინელი ხალხის უფლებას, ჰქონდეს სუვერენული, სიცოცხლისუნარიანი და დემოკრატიული სახელმწიფო“.

„დღეს ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის არსებობის მიმართ და ასევე გვსურს, პალესტინა ვაღიაროთ, როგორც სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა პრინცმა.

პრინცმა ალბერტ მეორემ​ ხაზი გაუსვა კონფლიქტის დასასრულებლად „დაბალანსებული და მდგრადი“ გადაწყვეტის პოვნის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც „ყველა მძევალი გათავისუფლდება და როგორც კი „ჰამასი“ განიარაღდება“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა.