მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა ვიდეოგამეორებას ამკვიდრებს
მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა ვიდეოგამეორებას ამკვიდრებს

ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) მომდევნო სეზონში ბევრ კამათს გამოიწვევს, მაგრამ ლიგა ამისთვის მზად არის. 2019-20 წლების სეზონში ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ვიდიზიონში ვიეოგამეორება პირველად იქნება გამოყენებული.

გასულ წლებში ეს სისტემა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე, კოპა ამერიკასა და სხვა ოფიციალურ ტურნირებზე გამოიყენეს.

„ორი წელი ვიმუშავეთ ამისთვის სატესტო რეჟიმში და ბევრიც ვიფიქრეთ“, – აცხადებს პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ მასტერსი. – „ეჭვი არ არის, რომ გარკვეულ კამათს გამოიწვევს, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ. ვთვლით, რომ ტესტებმა კარგად ჩაიარა“.

პრემიერლიგის ოცივე სტადიონი უკვე აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით, თამაშების მომენტების შეფასება კი მოხდება ვიდეოგამეორების ცენტრიდან, რომელიც დასავლეთ ლონდონში, „სტოკლი პარკში“ მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოგამეორების სისტემა მხოლოდ ოთხ შემთხვევაში გამოიყენება: გავიდა თუ არა გოლი წესების დაცვით, დაინიშნა თუ არა პენალტი წესების დაცვით, მიცემულ იქნა თუ არა წითელი ბარათი სამართლიანად და შეცდომით ხომ არ დაისაჯა რომელიმე ფეხბურთელი.

დატოვე კომენტარი