მოლდოვის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა
მოლდოვის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა

მოლდოვის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. მანამდე კი, ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ მოსკოვთან დაახლოებულმა მისმა წინამორბედმა, იგორ დოდონმა ქვეყანაში რუსული ვაქცინის გამოყენების დაბლოკვაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება სანდუს ოფისმა უარყო. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მოლდოვაში ახლა უკვე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად, გადაუდებელი გამოყენებისთვის რუსული ვაქცინაც დარეგისტრირებულია. მოლდოვა და მეზობელი უკრაინა მდიდარ ევროპულ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინების უზრუნველყოფის მხრივ ჩამორჩნენ.

დოდონმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჩათვლით, მოლდოვა 38-ე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული წარმოშობის ვაქცინაა დამტკიცებული.

სანდუს პრესსპიკერმა მოლდოვის წამლის სააგენტოს განცხადებამდე აღნიშნა, რომ ქვეყანა არ გამორიცხავს ნებისმიერი ვაქცინის გამოყენებას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წამლის სააგენტოს საქმიანობაში არ ერევა.

აღსანიშნავია, რომ რუსული წარმოშობის ვაქცინის სტატუსის საკითხი, 24 თებერვლის მონაცემებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ განხილვაშია.