მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო მასზე ზეწოლას გმობს
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო მასზე ზეწოლას გმობს

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო მასზე განხორციელებულ ზეწოლას გმობს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც სასამართლო მოუწოდებს დეპუტატებს, დაემორჩილონ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„საკონსტიტუციო სასამართლო მწუხარებას გამოთქვამს მასზე განხორცილებული თავდასხმებისა და პოლიტიკური ზეწოლის გამო, რომელიც სასამართლოზე ბოლო დღეებში ხორციელდება. სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დაიცვან კონსტიტუცია, კანონები და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაემორჩილონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ სასამართლოს განაჩენს აქვთ კონსტიტუციის ტოლფასი ძალა, ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან უნდა იყოს განხილული, როგორც „კონსტიტუციის ხელყოფა“.

მანამდე, მოლდოვის ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მარია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოლდოვაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, შესწავლის მიზნით ევროკომისიას, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.