მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს მაია სანდუ ითხოვდა დნესტრისპირეთში თბოელექტროსადგურის ძალისმიერი გზით დაკავების მომზადებას
მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ადრიან ბელუცელმა უპასუხა რუსულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ითხოვდა დნესტრისპირეთში მოლდოვის თბოელექტროსადგურის ძალისმიერი გზით დაკავების მომზადებას“. ამის შესახებ მოლდოვური მედია წერს.
ბელუცელის განცხადებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა დეზინფორმაცია, სადაც ამტკიცებდა, რომ პრეზუდენტმა სანდუმ „თბოელექტროსადგურის ძალისმიერი დაკავების გეგმის შედგენის“, „სეპარატიზმის გამო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა“ და „რეგიონში ნამდვილი ომის გაჩაღების“ დავალება გასცა.
„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მოთხოვნას და არ განიხილავს სამხედრო მოქმედებების ვარიანტს. პრობლემის გადაჭრის მთავარი ნაბიჯია რუსული ჯარების სრული გაყვანა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან მოლდოვის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბელუცელმა.
მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე გააკეთა კომენტარი მოლდოვასა და კიევის მიმართ ბრალდებებზე რეგიონში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ „მოლდოვაგაზსა“ და „გაზპრომს“ შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს გაზის მიწოდებას დნესტრის მარცხენა სანაპიროზე, სატრანზიტო მარშრუტების მიუხედავად.
მოლდოვის ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, იყვნენ ფრთხილად ინტერნეტში გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებთან დაკავშირებით და ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბრიდან მოლდოვაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა ენერგეტიკის სფეროში, რომელიც 60 დღეს გასტანს. მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო. უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 2025 წლის პირველი იანვრიდან შეწყდება.
დნესტრისპირეთი და მისი ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია უფასო რუსულ გაზზე, ამავე დროს მოლდოვა კრიტიკულად არის დამოკიდებული ელექტროენერგიაზე, რომელიც რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ელექტროსადგურიდან მიეწოდება.