მოლდოვის პრემიერი - დნესტრისპირეთში ხალხს საათობით არ აქვს ელექტროენერგია, გათბობა, წვდომა გაზზე, შეფერხებებია წყლის მიწოდებაშიც, ამის მიზანია, რუსეთმა რეგიონში არასტაბილურობა შექმნას
მოლდოვის პრემიერი - დნესტრისპირეთში ხალხს საათობით არ აქვს ელექტროენერგია, გათბობა, წვდომა გაზზე, შეფერხებებია წყლის მიწოდებაშიც, ამის მიზანია, რუსეთმა რეგიონში არასტაბილურობა შექმნას

დნესტრისპირეთს 6 იანვრიდან წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩეანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რეჩეანის თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, რუსეთმა რეგიონში არასტაბილურობა შექმნას.

„რასაც დღეს ვხედავთ დნესტრისპირეთის რეგიონში, არის ის, რომ ხალხს საათობით არ აქვს ელექტროენერგია, არ აქვს გათბობა და, რაც მთავარია, არ აქვს წვდომა გაზზე. მათ წყლის მიწოდებაშიც აქვთ შეფერხებები. ამ ყველაფრის მიზანია, რუსეთმა რეგიონში არასტაბილურობა შექმნას, მაგრამ ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავლენა მოახდინოს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომელიც ამ შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, არაღიარებული დნესტრისპირეთი ათწლეულების განმავლობაში უკრაინის გავლით იღებდა რუსულ გაზს, რომელსაც იყენებდა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის და ასევე ყიდდა მოლდოვის დანარჩენ ნაწილში, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის 80 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, მას შემდეგ რაც, პირველი იანვრიდან რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და უკრაინამ უარი თქვა მის გახანგრძლივებაზე, რუსეთმა თავის მხრივ, მოლდოვის ხელისუფლებას 709 მილიონი დოლარის ოდენობით დავალიანების დაფარვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, პირველი იანვრიდან კი, მიწოდება რეალურად შეუწყვიტა. შედეგად, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნესტრისპირეთის ტერიტორია, რომელიც ოფიციალური კიშინეუს კონტროლს მიღმაა.