მოლდოვის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლო ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და მისი ბოლო გადაწყვეტილებები უკანონოდ ცნო
მოლდოვის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლო ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და მისი ბოლო გადაწყვეტილებები უკანონოდ ცნო

მოლდოვის პარლამენტმა „დემოკრატიული პარტია“ და საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა. ახალშექმნილი კოალიციის დეპუტატებმა მიიღეს დეკლარაცია საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით „დემოკრატიული პარტიის“ მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის დაგმობის შესახებ. მას საკანონმდებლო ორგანოს 61-მა წევრმა დაუჭირა მხარი. სწორედ ამდენი დეპუტატი ესწრებოდა მოლდოვის პარლამენტის საგანგებო სხდომას, რომელზეც მმართველი კოალიცია ჩამოყალიბდა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპული პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ (PAS) კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს.

მიღებული დოკუმენტით, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო გადაწყვეტილებები უკანონოდ ცნო და საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეებს გადადგომა მოსთხოვა.

ამას გარდა, საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პარლამენტმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბოგდან ზუმბრიანი და ქვეყნის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილე ბოტნარი გადააყენა. პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ზუმბრიანუ სისხლის სამართლის სამ საქმეში ფიგურირებს. რაც შეეხება ვასილე ბოტნარს, როგორც დეპუტატმა სერჯიუ ლიტვინენკომ განაცხადა, მან თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოთხოვნით, მოლდოვიდან თურქული სკოლების მასწავლებლების დეპორტაციით კანონი დაარღვია.

ამას გარდა, მოლდოვის საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სესიის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც მოლდოვა „დაპყრობილ სახელმწიფოდ“ გამოაცხადეს.

მოლდოვაში თებერვალში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიები მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე ვერ თანხმდებოდნენ. თუმცა 8 ივნისს პრორუსულად განწყობილ „სოციალისტებსა“ (პრეზიდენტ იგორ დოდონის პარტია) და მემარცხენე პროევროპულ ბლოკს შორის კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ კონსენსუსი შედგა. პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, პოლიტიკურმა ძალებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ (PAS) კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი „სოციალისტების“ პარტიის ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.

8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

პარლამენტის საგანგებო სხდომა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, გამორთული მიკროფონებით გაიმართა, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ტექნიკური პერსონალი სამსახურში არ გამოცხადდა. სხდომას 101 დეპუტატიდან მხოლოდ 61 ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა დემოკრატიული პარტიისა და რუსი ბიზნესმენის ილან შორის პარტიის დეპუტატები.