მოლდოვის მთავრობა პარლამენტისგან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
მოლდოვის ხელისუფლება პარლამენტს მიმართავს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. გადაწყვეტილების მიზეზი მდინარე დნესტრში წყლის დონის სახიფათოდ შემცირებაა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ვასილე ტოფანმა, ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მთავრობა შესაბამის მოთხოვნას პარლამენტს სამშაბათს წარუდგენს. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისთვის საჭირო უფლებამოსილებებს მისცემს.
„კრიზისის დაწყებას ვერ დაველოდებით, რომ შემდეგ გამოსავლის ძებნა დავიწყოთ. ეს მთავრობას მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს, რათა საჭიროების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე და მხოლოდ იქ, სადაც ეს ნამდვილად აუცილებელია, ჩაერიოს“, – განაცხადა ტოფანმა.
მისი თქმით, მთავრობა მზად იქნება, მოსახლეობის წყლით, ელექტროენერგიითა და გათბობით მომარაგება უზრუნველყოს, ხოლო მოწყვლად ოჯახებს საჭირო დახმარება გაუწიოს.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოიწვია. სანდუს თქმით, საბჭოს წევრებმა რეკომენდაცია გასცეს, რომ საგანგებო ზომები სწრაფად ამოქმედდეს.