„მოხეტიალე ფორვარდი“, რომელმაც ინგლისური სისტემა დაანგრია - დღეს „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნის, ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა #1TVSPORT
„მოხეტიალე ფორვარდი“, რომელმაც ინგლისური სისტემა დაანგრია - დღეს „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნის, ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნის, ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა. ბორის პაიჭაძე დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიქეთში. 1990 წლის 9 ოქტომბერს 75 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

„დინამოს“ მომავალი კაპიტნის საფეხბურთო კარიერა ფოთში, გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდში დაიწყო, 1934-1935 წლებში თბილისის „ზიი“-ში (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი) თამაშობდა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნეოდა.

გამორჩეული მონაცემების ახალგაზრდა 1936 წელს თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს, რომლის ღირსებასაც 1951 წლამდე იცავდა. 16 წლის განმავლობაში 181 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 98 გოლი. თბილისის „დინამოს“ მაისურით ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940), ოთხჯერ ბრინჯაოს პრიზიორი (1936, 1946, 1947, 1950) და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის ფინალისტი.

ბორის პაიჭაძემ საბჭოთა კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი საფეხბურთო სქემა (ე. წ. „დაბლვი“) და ადგილის სისტემური მონაცვლეობით მთელი თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი. ლეგენდარულ თავდამსხმელს ამიტომ უწოდეს „მოხეტიალე ფორვარდი“.

„ეს იყო ისეთი თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი, იმდენი რამის გაკეთება შეეძლო, რომ საფეხბურთო ეშმაკობანი თითქმის არ სჭირდებოდა. მას ყველაფერი ჰქონდა მომადლებული: განსაცვიფრებელი ტექნიკა, ზუსტი და ძლიერი დარტყმა, ფიზიკური ძალა, გემოვნება, პლასტიკა, უმდიდრესი ფანტაზია. ერთი სიტყვით, ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი. ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე“, – ამბობდა ანდრო ჟორდანია.

„ფეხბურთის კარუზო“ – ბორის პაიჭაძეს ეს სახელი რუმინეთში, 1945 წლის დეკემბერში თბილისის „დინამოს“ საერთაშორისო ტურნეს დროს ადგილობრივმა პრესამ უწოდა.

იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1937), „ასიანთა კლუბის“ წევრი (136 გოლი). კარიერის განმავლობაში სულ 8 ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ მაჩვენებლით, უკრაინელ ოლეგ პროტასოვთან ერთად, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

1975 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ნანა მჭედლიძის ფილმი „პირველი მერცხალი“, რომელიც საქართველოში ფეხბურთის პირველ ენთუზიასტებზე მოგვითხრობს. ბორის პაიჭაძე ფილმში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლს (ბორისი) ასრულებდა. 1988 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

1963–1985 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ (ამჟამინდელი „დინამო არენა“) სტადიონის დირექტორი, რომელიც 1990 წლიდან მის სახელს ატარებს, 1995 წლის 29 მარტს კი ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა.

2001 წლის 26 მარტს სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. 2015 წლის 3 თებერვალს რუსთავში, ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიაში ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო აკადემიას მისი სახელი მიენიჭა.

2015 წლის 3 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, დაწესდა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.