მოისწრაფიშვილის „ბევერენმა“ თამაში გადაარჩინა, სიგუა მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT
მოისწრაფიშვილის „ბევერენმა“ თამაში გადაარჩინა, სიგუა მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT

ბელგიის ჩელენჯერ პრო ლიგაში გიორგი მოისწრაფიშვილის „ბევერენმა” „ლომელთან“ შეხვედრაში ქულები დამატებულ წუთებზე გატანილი ორი გოლით გადაარჩინა – 2:2. ქართველმა ნახევარმცველი „ბევერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.

იტალიის სერია A-ში „მონცა“ საშინაო შეხვედრაში საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.

ქართველ მცველებს ამჯერად არც სერია B-ში უთამაშიათ – ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ისევ მოიგო, გასვლაზე „ბრეშა“ 3:0 დაამარცხა და 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. ივა გელაშვილის „სპეციამ“ „ტერნანასთან” (2:2) გამარჯვება ბოლო წამზე გაშვებული გოლით დაკარგა და 10 ქულით მე-18 პოზიციაზეა.

შვეიცარიის სუპერლიგის ტური გაბრიელ სიგუასთვის უიღბლო გამოდგა – ქართველის გუნდი „ბაზელი“ გასვლაზე „სერვეტთან“ 4:1 დამარცხდა, თავად სიგუა კი მე-18 წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.