მოჰამედ სალაჰი - „ლივერპულის“ ხელმძღვანელებისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე წინადადება არ მიმიღია #1TVSPORT
„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა გუნდში თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ფეხბურთელი ამბობს, მას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კლუბისგან წინადადება არ მიუღია.
„ვფიქრობ, გუნდიდან წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე – დარჩენასთან. უკვე თითქმის დეკემბერია და კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით წინადადება ჯერ არ მიმიღია“, – განაცხადა სალაჰმა.
მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერია. მასთან ერთად გუნდი პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილზეა. ეგვიპტელმა ყველა ტურნირზე 12 გოლის გატანა მოახერხა.
მოქმედი კონტრაქტი 32 წლის ფეხბურთელს კლუბთან 2025 წლის ივნისში ეწურება.