მოგებების სერია გრძელდება - ტოჩინოშინმა კირიბაიამას სძლია [ვიდეო] ​#1TVSPORT
მოგებების სერია გრძელდება - ტოჩინოშინმა კირიბაიამას სძლია [ვიდეო] ​#1TVSPORT

ჰარუ ბაშოზე 13 დღის შემდეგ ლევან გორგაძე კვლავ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის მოპოვების შანსს. ქართველმა სეკიტორმა, რომელსაც სუპერტურნირზე წაგების უფლება აღარ აქვს, ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია. ტოჩინოშინმა ამჯერად მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა დაამარცხა.

ლევან გორგაძემ მეტოქესთან აგრესიულ შეჯახებას თავი აარიდა, ოდნავ გვერდით გაიწია და კომფორტულად აიღო მონღოლის მავაში. უპირატესობის მიღების შემდეგ, ტოჩინოშინს ორთაბრძოლის წარმატებით დასრულება აღარ გასჭირვებია და მოწინააღმდეგე იორიტაოშის ილეთით გადადგა დოჰიოს მიღმა.

ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა, მას 6 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. შეგახსენებთ რომ ქართველ მებრძოლს ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 2-დან 2 გამარჯვება სჭირდება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი იქნება.