მოგება რთულ დაპირისპირებაში - ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 და საერთო ჯამში მე-6 გამარჯვება მოიპოვა. შეჯიბრების მე-10 დღეს ქართველი მებრძოლი სადანოუმის დაუპირისპირდა, რომელიც მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს და გორგაძესთან შეხვედრამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 7-2-ზე ჰქონდა.

ტოჩინოშინის ბრძოლა ამჯერადაც დრამატული აღმოჩნდა და 34 წლის სუმოისტმა ურთულესი პოზიციიდან შეძლო მეტოქის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება. მძლავრი შეჯახების შემდეგ ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ერთ-ერთ ეპიზოდში სადანოუმის შეეძლო ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა, მაგრამ ქართველმა წონასწორობის შენარჩუნება მოახერხა და იორიკირით მოიგო. ბოლოს მონოის (მსაჯთა კომისია) ჩართვაც გახდა საჭირო, მაგრამ ყველაფერი ლევან გორგაძის სასიკეთოდ დასრულდა.

ტოჩინოშინს 6 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა. ხვალ, 18 მაისს მისი მეტოქე მე-15 მაეგაშირა აზუმარიუ იქნება, რომელსაც ბალანსი 5-5-ზე აქვს.