მოგება კვარაცხელიას გარეშე - ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
მოგება კვარაცხელიას გარეშე - ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-18 ტური „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

აჭარაბეთ არენაზე“ ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში 39-ე წუთზე გახსნეს – ლადო მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმა ძლიერად და ზუსტად შეასრულა და მოქმედი ჩემპიონი ეფექტური გოლით 1:0 დააწინაურა.

ბათუმელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა ორამდე გაზარდეს. „ტორპედოს“ მცველმა მათე აბულაძემ საჯარიმოში ჯოვინო ფლამარიონი წააქცია და არბიტრმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ისევ მამუჩაშვილმა შეასრულა და ზუსტად დაარტყა – 2:0.

ბათუმელებმა მესამედაც აიღეს „ტორპედოს“ კარი და ამჯერადაც ეს პენალტით მოახერხეს. სიტუაცია განმეორდა – საჯარიმოში ჯოვინო ფლამარიონი ისევ მათე აბულაძემ წააქცია, რომელიც ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს, პენალტი კი ჯოვინომ თავად შეასრულა და მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა.

თავის გამოჩენა თორნიკე გაფრინდაშილმაც მოახერხა, რომელიც მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე წამში კაცნაკლული მეტოქის კარის მეოთხედ აღება მოახერხა – 4:0.

ბათუმის „დინამომ“ დამაჯერებლად მოიგო, 18 ტურის შემდეგ 41 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისთან“ (35) უპირატესობა ისევ გაზარდა და უპირობო ლიდერია, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (21) მე-7 პოზიციაზე დარჩა.