მოგება ესტონეთთან - მოისწრაფიშვილმა ბალტიისპირელებთან დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
მოგება ესტონეთთან - მოისწრაფიშვილმა ბალტიისპირელებთან დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, წლის პირველი მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გუნდს ანგარიშის გახსნის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ 34-ე წუთზე მოახერხა – „დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა საჯარიმო ეფექტურად და ზუსტად დაარტყა და საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 1:0 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრები მეორე ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდა, ბურთსა და თამაშის მსვლელობას აკონტროლებდა, მაგრამ მომდევნო გოლი მხოლოდ 55-ე წუთზე გაიტანა. ალექსანდრე კალანდაძის შესანიშნავი გადაცემით ისევ მოისწრაფიშვილმა ისარგებლა და დუბლი შეასრულა.

75-ე წუთზე ესტონელებმა სხვაობა შეამცირეს. საჯარიმოს შესრულების შემდეგ მასპინძელთა კარი ალექს ტამმა აიღო. 86-ე წუთზე სტუმრები 10 მოთამაშით დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ნიკიტა კომისაროვი გააძევა. 90+2-ე წუთზე მცველის შეცდომით ბექა დარცმელაიმ ისარგებლა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+5-ე წუთზე, მოედანზე სულ რაღაც ერთი წუთის შესულმა შოთა შეყილაძემ დააფიქსირა – 4:1 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასარგებლოდ.

რამაზ სვანაძის გუნდმა წაუგებელი თამაშების სერია 4 შეხვედრამდე გაზარდა, მათგან სამი კი მოიგო. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს და ჩვენი 21-წლამდე ნაკრები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად ითამაშებს.