მოგება დაძაბულ შეხვედრაში - თურქეთმა მონტენეგროს ნაკრები ბოლო წუთებში დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT
მოგება დაძაბულ შეხვედრაში - თურქეთმა მონტენეგროს ნაკრები ბოლო წუთებში დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT

ესპანეთის ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებია, მეორე შეხვედრა გაიმართა. „თბილისი არენაზე“ თურქეთი მონტენეგროს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 72:68 დაამარცხა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. პირველი მეოთხედში მონტენეგრო უკეთესი იყო და მეტოქეს 4 ქულით გაექცა. მეორე მეოთხედში თურქები შეტევაშიც და დაცვაშიც უკეთესები იყვნენ – შესანიშნავად გამოიყურებოდა ჩედი ოსმანი, რომელიც NBA-ის „კლივლენდ კავალიერსის“ ღირსებას იცავს. მისმა გუნდმა მეორე მეოთხედი 27-13 მოიგო და დიდი უპირატესობა მოიპოვა.

მესამე მეოთხედში მონტენეგროელები თამაშში დაბრუნდნენ და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა – შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა და მეოთხედის მეორე ნახევარში ბოიან დუბლიევიჩის მიერ ზედიზედ ჩაგდებული 2 სამქულიანის შემდეგ, მონტენეგრომ 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მაგრამ ბოლო წუთებში ერგინ ატამანის გუნდმა დიდებული წუთები ჩაატარა და საბოლოო ჯამში, 4 ქულით მოიგო.

საუკეთესო თურქეთის ნაკრებიდან 18 ქულით შეინ ლარკინი იყო, 18 ქულა ჰქონდა მონტენეგროელ დუბლიევიჩსაც, ჩედი ოსმანის ანგარიშზე კი 15 ქულაა.

დღეს ბოლო მატჩში „თბილისი არენაზე“ საქართველო ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00-ზე დაიწყება – პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.