მოგება ბოლო წამებზე - „თელავმა“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
მოგება ბოლო წამებზე - „თელავმა“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მეორე სათამაშო დღე რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აუტსაიდერთა მატჩით დაიწყო – საფეხბურთო კლუბი „თელავი“ „სამტრედიას“ შეხვდა.

„თელავი“ 12 ქულით მე-9 ადგილზე იყო, ხოლო „სამტრედია“ 10 ქულა ჰქონდა და მოგებით ბოლო ადგილს დატოვებდა, ამიტომ, ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო.

„სამტრედიელებმა“ მატჩი გაძლიერებული შემადგენლობით დაიწყეს. გუნდში დაიმატეს წყალტუბოს „სამგურალიდან“ წამოსული მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი და ნახევარმცველი ავთო ენდელაძე, რომელიც ბოლნისის „დიოდან“ გადავიდა.

სიახლე იყო „თელავშიც“, სადაც დაბრუნდა ირაკლი რუხაძე. 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გუნდი წელს დატოვა და მერე „სამტრედიაში“ გადავიდა, მაგრამ ახლა იჯარა დაუსრულდა და თელავურ კლუბს დაუბრუნდა.

ანგარიში 57-ე წუთზე თელაველებმა გახსნეს. მეკარემ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მცველს კი მიხეილ ბაშალეიშვილმა დაასწრო და „სამტრედიას“ კარი აიღო, მაგრამ სტუმრებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს – ანატოლი მესიაჩენკოს მოწოდებული ჯარიმის შემდეგ გიორგი ილურიძის თავური დარტყმა ზუსტი გამოდგა – 1:1.

„თელავმა“ გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა – მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე „სამტრედიას“ კარი ზაზა ციცქიშვილმა აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. 19 ტურის შემდეგ „თელავმა“ 15 ქულა დააგროვა, ისევ მე-9 ადგილზეა და „სამტრედიასთან“ სხვაობა (10 ქულა) გაზარდა.