მოგება ათი კაცით, ტრავმირებული ფეხბურთელით და ბოლო წუთზე - „დილამ“ „დინამო“ ჩამოიტოვა, კოვტალიუკმა - კონკურენტები (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში, თბილისის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და კაცნაკლულ მეტოქესთან დამარცხდა.

ხუთი ტურის შემდეგ „დილა“ ჩემპიონატს 11 ქულით ლიდერობდა, თბილისელები ორი ქულით ჩამორჩებოდნენ და „დინამო-არენაზე“ გამართულ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ანგარიში 38-ე წუთზე გორელებმა გახსნეს. ეფექტური შეტევა ნიკა გაგნიძემ დააგვირგვინა და „დილა“ დააწინაურა – ტაიმი სტუმრებმა მოიგეს 0:1.

63-ე წუთზე გორელები მძიმე, მდგომარეობაში ჩავარდნენ: დავით მაისაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. დინამოელებმა რიცხობრივი უპირატესობით 5 წუთში ისარგებლეს – „დილას“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი კუციამ უნაკლოდ შეასრულა 1:1.

მატჩის მიწურულს, კაცნაკლულმა გორელებმა მაინც იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ „დილას“ მთავარ მწვრთნელს შეცვლები განხორციელებული ჰქონდა და ვერ შეცვალა ნიკა გაგნიძე, რომელიც ბოლოს ტრავმით თამაშობდა.

სტუმრებმა საჯარიმო კარგად გაითამაშეს და გამარჯვების გოლი 90+2 წუთზე გაიტანეს: ნუგზარ სპანდერაშვილის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, „დინამოს“ კართან მიკოლა კოვტალიუკი გაიხსნა, ზუსტად დაარტყა და „დილას“ სამი ქულა მოუტანა 1:2. აღსანიშნავია, რომ „დილას“ უკრაინელი ლეგიონერი ბომბარდირთა დავაში ექვსი ქულით დაწინაურდა.

ექვსი ტურის შემდეგ „დილამ“ 14 ქულა დააგროვა, ლიდერობა განიმტკიცა და თბილისის „დინამოს“ უკვე ხუთი ქულით ასწრებს, ხოლო მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ – 4 ქულით.