მოგება 6 ქულით - მონტენეგრომ მეორე შეხვედრაში ბელგია დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT
მოგება 6 ქულით - მონტენეგრომ მეორე შეხვედრაში ბელგია დაამარცხა [ფოტო] #1TVSPORT

დღეს, 3 სექტემბერს „თბილისი არენაზე“ A ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე მონტენეგროსა და ბელგიის ნაკრებების მატჩით გაიხსნა, რომელიც რადოვიჩის გუნდმა 76-70 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ორივე ნაკრებმა მძიმე შეხვედრა ჩაატარა. მონტენეგრო ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან, თურქეთთან ბოლო წუთებში დამარცხდა 68-72, ხოლო ბელგიამ საქართველოს ნაკრებს ოვერტაიმში ბოლო წამებზე ჩაგდებული ბურთით მოუგო 79:76.

პირველი მეოთხედი მონტენეგროელების უპირატესობით წარიმართა. ბოშკო რადოვიჩის გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ მხოლოდ 3 ქულით მოახერხეს წინ გასვლა. ბელგიას მეტოქე მეორე მეოთხედის დასაწყისში გაექცა – მიუხედავად ამისა, თამაშში დაბრუნება მოახერხეს და დიდ შესვენებამდე სხვაობა მონტენეგროს სასარგებლოდ მხოლოდ 5 ქულა იყო – 37-32.

გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, სადაც მონტენეგროს ნაკრებმა მეტოქეს აშკარად აჯობა, 31-18 მოიგო და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 18 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ბოლოს ბელგიელები თამაშის შემოტრიალებას ცდილობდნენ, მაგრამ სხვაობა საკმაოდ დიდი იყო და მატჩი რადოვიჩის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

საუკეთესო 25 ქულით ბელგიის ნაკრების რეტინ ობასოჰანი იყო, მონტენეგროელთა მხრიდან კი 21 ქულით ბოიან დუბლიევიჩი გამოირჩა, 19 ქულა ჰქონდა კედრიკ პერის.

დღეს A ჯგუფის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება – თურქეთი ბულგარეთს 18:15 საათზე დაუპირისპირდება, საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის თამაში კი 21:00-ზე დაიწყება. ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.