მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება - სოფელ საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა #1TVSPORT
მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება - სოფელ საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა #1TVSPORT

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში საფეხბურთო მოედანი განახლდა – ეს ფეხბურთის ფედერაციის სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტით განხორციელდა და უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შემოიღობა ტერიტორია, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. განახლებულ საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური 7×7-ზე საფეხბურთო მატჩიც გაიმართა.

სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 2017 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ქვეყანაში მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ისახავს მიზნად.

განახლებულ მოედანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველ ვიცე პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად ესტუმრა.

„სოფელ საზანოში ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით კიდევ ერთი სტადიონი მოვაწესრიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სტადიონს აქ მაცხოვრებელი ბავშვები და ახალგაზრდები გამოიყენებენ, რომლებიც ჩაერთვებიან ფეხბურთში და სპორტის ამ სახეობით ისიამოვნებენ. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ მასობრიობაა, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ფეხბურთში, მით უფრო წარმატებული იქნება ეს სფერო ჩვენ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს და მომავალშიც ასე ვაპირებთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.