მოედანს „მერანიც“ დაუბრუნდა - ვარჯიში მხოლოდ შვიდეულებით
მოედანს „მერანიც“ დაუბრუნდა - ვარჯიში მხოლოდ შვიდეულებით

ეროვნული ლიგის თითქმის ყველამ გუნდმა საწვრთნელი პროცესი დაიწყო. ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო თბილისის „მერანი“ და ახლა ეროვნული ლიგის დებიუტანტიც ვარჯიშობს.

გიორგი დარასელიას და ავთანდილ შენგელიას ხელმძღვანელობით გუნდი თბილისში, „შრომითი რეზერვების“ სტადიონზე შეიკრიბა – სავარჯიშო პროცესში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

„თბილისის „მერანი“ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ფეხბურთელები სამ ჯგუფად – 7-7 კაცად ვარჯიშობენ. ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თემოსკრინინგი ჩაიტარეს. ვარჯიშის მიმდინარეობისას კი გათვალისწინებულია ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ გასცა“ – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ორი ტურის შემდეგ, ეროვნული ლიგის დებიუტანტმა თბილისის „მერანმა“ სენსაციურად დაიწყო და 2 ქულა გასული სეზონის ლიდერებთან მოიპოვა – გუნდმა ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ და სუპერთასის მფლობელ „საბურთალოსთან“ მატჩები ფრედ დაასრულა.