მოედანი კოჭის ტკივილის გამო დატოვა - ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ოქრიაშვილის ტრავმა #1TVSPORT
მოედანი კოჭის ტკივილის გამო დატოვა - ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ოქრიაშვილის ტრავმა #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში დაშავდა.

იგი კვიპროსის სუპერლიგის მე-16 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „აპოელის“ შემადგენლობაში ყოფილი კლუბის, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ წინააღმდეგ მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და 18 წუთში იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

მიზეზი ტრავმაა. 30 წლის ქართველი შემტევი „ანორთოსისთან“ მატჩის 85-ე წუთზე დაშავდა. ქართველი ნახევარმცველი წამოდგომას ვერ ახერხებდა, სამედიცინო პერსონალის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თორნიკე თამაშს ვერ დაასრულებდა. ამგვარად, ბოლო წუთებში „აპოელი“ ცხრა ფეხბურთელით დარჩა, რადგან 76-ე წუთზე მასპინძლებს ფაკუნდო საბალა გაუგდეს, ამ დროისთვის კი გუნდის მწვრთნელს, სოფრონის ავგუსტის შეცვალების უფლება ამოწურული ჰქონდა.

ოქრიაშვილის ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია. კვიპროსული გამოცემა „სპორტაიმის“ ცნობით, ქართველმა მოედანი კოჭის ტკივილის გამო დატოვა. რა დაემართა 30 წლის ფეხბურთელს და შეძლებს თუ არა მარტში ბოსნიასთან (25 მარტს) და ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ნაკრების დახმარებას, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.