მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა - ხოჭოლავას ახალი კონტრაქტი „შახტართან“
მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა - ხოჭოლავას ახალი კონტრაქტი „შახტართან“

საქართველოს ნაკრების მცველმა უკრაინული ფეხბურთის გრანდთან, დონეცკის „შახტართან“ ხელშეკრულება გააგრძელა.

Meta-Ratings კი იუწყება, რომ ეს ახალი ამბავი არაა – კლუბი და მოთამაშე ხელშეკრულების გაგრძელებაზე გაცილებით ადრე შეთანხმდნენ. ამიტომ გაუგებარია, ეს მნიშნელოვანი ამბავი დიდი ხნის დაგვიანებით რატომ გახდა ცნობილი.

„დავით ხოჭოლავამ ახალი ხელშეკრულება გააფორმა 2025 წლამდე. ცნობილი გახდა, რომ ქართველ მცველთან კონტრაქტი დონეცკის „შახტარმა“ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაახანგრძლივა“, – წერს Meta-Ratings.

ხოჭოლავა დონეცკის „შახტარში“ 2017 წლის ზაფხულში ოდესის „ჩერნომორეციდან“ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან 79 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მის სატრანსფერო ღირებულებად გერმანული ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტი“ 15 მილიონ ევროს ასახელებს.

​შეგახსენებთ, რომ დათა ხოჭოლავა იყო GFF Awards 2020-ზე (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე) წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილი. საფეხბურთო-ანალიტიკური კომპანია InStat-ის სტატისტიკის მიხედვით, ხოჭოლავა ჩემპიონთა ლიგაზე „შახტარის“ საუკეთესო ფეხბურთელთა ტოპ 3-ში მოხვდა.