მკაცრი სასჯელების მოლოდინში - დღეს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართება
მკაცრი სასჯელების მოლოდინში - დღეს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართება

დღეს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგში შემდეგ საკითხებს განიხილავენ: 1. მატჩზე მანიპულირების მცდელობა – საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელის, აგრეთვე საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ორი და „ჭიათურას“ ერთი ფეხბურთელის შესახებ. 2. ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში, ჩხოროწყუს „სამეგრელო“ – ხობის „კოლხეთი“ მომხდარი ინციდენტი. 3. „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის კალენდარულ მატჩზე, ბოლნისის „სიონი“ – რუსთავის „რუსთავი“ მომხდარი ინციდენტი. 4. ელიტ-ლიგის 13-წლამდე ლიგაში მომხდარი შემთხვევა. 5. ლიგა 4-ის კალენდარულ მატჩზე, სენაკის „ეგრისი“ – ჩხოროწყუს „სამეგრელო“ მომხდარი ინციდენტის განხილვა. 6. სხვადასხვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ე.წ. ჩაწყობილი საფეხბურთო მატჩებისა და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გარიგებულ თამაშებში მონაწილეობდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და კლუბების პასუხისმგებლობაც ახსენა.

„გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის დასასრული. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც შესაძლოა, სხვა ფეხბურთელებისა და კლუბების სახელებიც დასახელდეს. ვისაც ეს ეხება, ილოცონ, რომ მათი კლუბები და გვარები ამ სიაში არ მოხვდნენ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვასა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დატოვე კომენტარი