მჯდომარე ფრენბურთელთა მეოთხე ადგილი სალიცენზიო ტურნირზე
მჯდომარე ფრენბურთელთა მეოთხე ადგილი სალიცენზიო ტურნირზე

ხორვატიის ქალაქ პორეჩში მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის სალიცენზიო თამაშები დასრულდა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს, ჩეხეთის, საფრანგეთის, იტალიის, ლიეტუვას, სლოვენიისა და თურქეთის ეროვნულმა გუნდებმა მიიღეს.

საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრებმა ანგარიშით 3:1 ჯერ ჩეხეთი, შემდეგ კი საფრანგეთი დაამარცხა. მომდევნო მეტოქეები გაცილებით ძლიერები აღმოჩნდნენ. ქართველმა პარასპორტსმენებმა ჯერ იტალიასთან შეხვედრა დათმეს ანგარიშით 2:3, შემდეგ კი ლიეტუვასთან ასეთივე შედეგით წააგეს.

საბოლოოდ, საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრებმა შვიდ გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია პირველ და მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა, თურქეთმა და ლიეტუვამ მოიპოვეს. კონტინენტის პირველობა წელს ივლისში, უნგრეთში გაიმართება.