მიზეზი რისკის თავიდან აცილება იყო - მამარდაშვილი „ვილიარეალთან“ ლიმიტის გამო არ ათამაშეს #1TVSPORT
მიზეზი რისკის თავიდან აცილება იყო - მამარდაშვილი „ვილიარეალთან“ ლიმიტის გამო არ ათამაშეს #1TVSPORT

ხოსე ბორდალასმა კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ მოხვდა გიორგი მამარდაშვილი „ვილიარეალთან“ ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩის განაცხადში – „ვალენსიას“ მწვრთნელის თქმით, მთავარი მიზეზი ლიმიტი იყო, რომლის თანახმადაც სარეზერვო გუნდში დარეგისტრირებული ოთხი ფეხბურთელის ძირითადში ყოფნა არ შეიძლება.

„მამარდაშვილის განაცხადს მიღმა დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად ეს იყო. ლა ლიგის წესების მიხედვით, შეიძლებოდა, ტექნიკური წაგება ჩაგვთვლოდა. ჩვენ კი ფინალამდე ტრავმების ასაცილებლად ცენტრალური მცველების დაესვენება გადავწყვიტეთ“, – განაცხადა ბორდალასმა.

საქმე ისაა, რომ „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილი სარეზერვო გუნდში დაარეგისტრირა, რომელიც რანგით მე-5 ლიგის ესპანურ ლიგაში თამაშობს და 25-კაციან მთავარ განაცხადში ვერ მოხვდა. ლა ლიგაში თამაშის უფლება სარეზერვო გუნდის 4 ფეხბურთელს გააჩნია და ქართველი მეკარე ამ კვოტით თამაშობს.

„ვილიარეალთან“ ბორდალასმა „ვალენსია ბ“-ს განაცხადში მყოფი სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააყენა და სათამაშო დრო მისცა. წესით, ქართველი მეკარის განაცხადში შეყვანა და თამაშიც შეიძლებოდა, მაგრამ ბორდალასმა არ გარისკა.

არის დეტალი, რის გამოც მწვრთნელები ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე რეზერვისტის გამოყენებას ერიდებიან. ლა ლიგის დებულებით, მოედანზე სარეზერვო გუნდის მაქისმუმ 4 და ძირითადის მინიმუმ 7 მოთამაშე შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი თანაფარდობისას, ძირითადის ფეხბურთელს მოედნიდან თუ გააძევებენ, გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.

„ვალენსიას“ ევროსაგზურის მოპოვების რეალური შანსი გააჩნია. „ღამურები“ 23 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისს“ სევილიაში დაუპირისპირდებიან. ესპანური მედიის ცნობით, გადამწყვეტ მატჩში „ვალენსიას“ კარში გიორგი მამარდაშვილს ვიხილავთ.