მიზეზი, რატომ არ არის სანიოლის სანაკრებო სიაში წიტაიშვილი - „ჩერნომორეცის“ ქართველი შემტევი ისევ ტრავმირებულია #1TVSPORT
მიზეზი, რატომ არ არის სანიოლის სანაკრებო სიაში წიტაიშვილი - „ჩერნომორეცის“ ქართველი შემტევი ისევ ტრავმირებულია #1TVSPORT

გახდა ცნობილი მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოტოვა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერლიგის მეხუთე ტურში დონეცკის „შახტართან“ მატჩი (0:3) და რატომ ვერ მოხვდა ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ საქართველოს ნაკრების განაცხადში.

ოდესის „ჩერნომორეცის“ მთავარი მწვრთნელის, იური მოროზის თქმით, 20 წლის ქართველი ლეგიონერი კიდევ ერთხელ დაშავდა.

„სამწუხაროდ, გიო კვლავ დაშავდა, მას ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. ექიმებმა მის თამაშზე კატეგორიულად თქვეს – „არა”. სწორედ ტრავმამ შეუშალა ხელი მას, რომ დონეცკელებთან შეხვედრაში ეთამაშა”, – თქვა იური მოროზმა უკრაინის ტელევიზიის საფეხბურთო გადაცემა Football 1/2/3-ის ეთერში.

ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადების შესახებ არაფერია ცნობილი. მარტში, გიორგიმ მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა დაუფიქსირდა და ამის გამო სეზონის ბოლო გაუცდა. „ჩერნომორეცში“ გადასვლის შემდეგ მას კუნთების დაზიანებაც ჰქონდა.

წიტაიშვილი „ჩერნომორეცში“ კიევის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა. უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან ერთი მატჩი ჩაატარა. წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში მოწვევა უკვე მეორედ გადაიდო – პირველად სანიოლი საქართველოს ნაკრებში მის გამოძახებას მარტის სანაკრებო თამაშებზე აპირებდა.