მიწისძვრით დაზარალებული „ჰატაისპორი“ სუპერლიგიდან გავიდა - ლობჟანიძის გუნდი ადგილს შეინარჩუნებს #1TVSPORT
მიწისძვრით დაზარალებული „ჰატაისპორი“ სუპერლიგიდან გავიდა - ლობჟანიძის გუნდი ადგილს შეინარჩუნებს #1TVSPORT

„ჰატაისპორმა“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გუნდი მიწისძვრის შემდეგ სუპერლიგაში სეზონის დარჩენილ მატჩებს ვერ ითამაშებს, – ამის შესახებ თურქულ მედიაში განცხადება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰმედ ბუიუკექსიმ გააკეთა.

„დღეს „ჰატაისპორმა“ წერილი გამოაგზავნა. მან გვაცნობა, რომ ამ სეზონში თავის მატჩებს ვეღარ ჩაატარებს. ლიგიდან გასვლა ასევე „გაზიანთეფს“ სურს, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ჩემპიონატის 17 გუნდით გაგრძელებას ვგეგმავთ, იმ პირობით, რომ გასული კლუბები მომავალ სეზონში ლიგაში დარჩებიან“, – განაცხადა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

მიწისძვრების შემდეგ, რომელმაც 10 პროვინცია დააზარალა, საფეხბურთო მატჩები შეჩერდა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰმედ ბუიუქსიმ კლუბების გაერთიანებასთან ერთად პრესკონფერენცია სტამბოლში დღეს გამართა და ასევე განაცხადა, რომ მათ გადაწყვიტეს, გადადებული მატჩები 3-დან 4 მარტამდე გამართონ.

გავრცელებული ცნობით, „ჰატაისპორის“ და „გაზიანთეფის“ ფეხბურთელებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ – მათ სხვა გუნდებში იჯარით გაუშვებენ ან კონტრაქტებს გაუწყვეტენ.