ტყვიით მსროლელთა საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე ქართველებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა
ტყვიით მსროლელთა საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე ქართველებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

მიუნხენში გრძელდება ტყვიის მსროლელთა საერთაშორისო ტურნირი პნევმატური იარაღებიდან სროლაში. დღეს პისტოლეტით შეჯიბრებაში უფროსები ჩაებნენ, სხვებთან ერთად კი სტარტზე სამი ჩვენებური დადგა.

სამწუხაროდ, ახალგაზრდებისგან განსხვავებით, სადაც ორივე დღეს ლიზი კილაძე ფინალში შევიდა, ამჯერად ჩვენები საუკეთესო რვა მსროლელს შორის ვერ მოხვდნენ.

ქალებში ნინო სალუქვაძე ასპარეზობდა – ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი. საკვალიფიკაციო ეტაპი მან 565 ქულით დაასრულა (96, 96, 93, 93, 95, 92) და 79 მონაწილეს შორის 48-ე ადგილზე გავიდა.

ვაჟებში ჩვენმა ორივე მონაწილემ – ცოტნე მაჭავარიანმა და ლევან ქადაგიძემ ერთნაირი შედეგით – 573-573 ქულით დაასრულეს გამოსვლა. თუმცა ასეთივე შედეგი კიდევ 7 მსროლელს აღმოაჩნდა, რომლებმაც 35-42-ე ადგილები გაინაწილეს. დამატებითი მაჩვენებლების დათვლით მაჭავარიანი 37-ე, ქადაგიძე კი მე-40 ადგილზეა. საინტერესოა, რომ მაჭავარიანს და სლოვაკ იურაი ტუზინსკის ერთნაირი ჰქონდათ არა მხოლოდ საერთო ქულები, არამედ 10-იანებიც (ორივე – 20-20) და ბოლო სერიის მაჩვენებელიც კი – 96-96. თუმცა სლოვაკს ბოლოსწინა, მეხთე სერიაში ჰქონდა უკეთესი სედეგი – 98:96 და 36-ე ადგილიც მას ერგო.

მაჭავარიანს ცალკეულ სერიებში 95, 94, 95, 96, 97, 96 ქულა ჰქონდა, ქადაგიძეს – 96, 97, 95, 96, 95, 94.
ქალებში საკვალიფიკაციო ეტაპს ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჩაუდგა სათავეში – უკრაინელი ოლენა კოსტევიჩი პირველი იყო 586 ქულით, ვინც 3 ქულით ჩამოიტოვა ბერძენი ანა კორაკაკი – 583. მესამეზე რუსი სვეტლანა მედვედევა იყო 581-ით. ფინალურ ოქტეტში ასევე შევიდნენ თითო რუსი (რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ოღონდ სპორტული იარაღით სროლაში ვიტალინა ბაცარაშკინა), გერმანელი, უნგრელი და ორი ინდოელი მსროლელი.

კოსტევიჩმა არც ფინალში დათმო უპირატესობა და 242.0 ქულით ჩემპიონი გახდა. ვერცხლი ბაცარაშკინამ მოიპოვა 240.6-ით, ბრინჯაოს კი ინდოელი ჰეენა სიდჰუ დაეუფლა 220.0-ით.

ვაჟებში ჩემპიონი დამატებითი მაჩვენებლებით გამოვლინდა, რადგან ტურნირი სერბმა მსოფლიოს მედალოსანმა დამირ მიკეციმ და რუსმა მსოფლიოს ჩემპიონმა არტემ ჩერნოუსოვმა ერთნაირი შედეგით – 215.1 ქულით დაამთავრეს, მაგრამ სერბს ბოლო სერიაში უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და ოქროს მედალიც მას დარჩა. მესამეზე მასპინძელი კევინ ვენტა გავიდა 211.7 ქულით. მეოთხეზე დარჩა საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ოლეჰ ომელჩუკი, ვინც ფინალში 588 ქულით შევიდა, ცალკეულ სერიებში კი ერთხელ 100 ქულა, თითოჯერ 99, 97, 96. ორჯერ კი 98 ქულა დააგროვა! სხვათა შორის, ერთ სერიაში 100 ქულა მიკეციმაც გააკეთა.

ჩვენი სამეული მიუნხენში ხვალ კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალებს, რადგან მეორე სტარტი კვლავაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმართება.

წყარო – საქართველოს სროლის ფედერაცია