მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს ანჟე ლოგარს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სლოვენიას ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების აქტიური და ქმედითი მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს გასულ წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სლოვენიაში განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტი და მისი შედეგების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით. რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა პროცესების ძალისმიერი ესკალაციის მიუღებლობა და ხაზი გაესვა, როგორც უკრაინის გარშემო ვითარების, ასევე ზოგადად რეგიონალური და გლობალური  უსაფრთხოების საკითხების მოლაპარაკების გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობით მოგვარების აუცილებლობას.

ამავე ინფორმაციით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ასევე ორივე ქვეყნის სუვერენული ევრო-ატლანტიკური არჩევანის პატივისცემის აუცილებლობას. მინისტრმა სლოვენიელ კოლეგას ასევე გააცნო საქართველოს მხრიდან წარმოებული კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკა, ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რაც მიზნად ისახავს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას და აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებებსა და შექმნილ რთულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე რეაგირების მნიშვნელობა.