მირიან წიკლაური - ვფიქრობ, საქართველო დღესაც ზვიად გამსახურდიას დანატოვარზეა
მირიან წიკლაური - ვფიქრობ, საქართველო დღესაც ზვიად გამსახურდიას დანატოვარზეა

ვფიქრობ, საქართველო დღესაც ზვიად გამსახურდიას დანატოვარზეა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ იმის შემდეგ ბევრი ცუდი რამ გაკეთდა და ბევრი რამ ისე არ გაკეთდა, როგორც საჭირო იყო, მაინც იმდენად მძლავრი იყო იმ დროს გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს დამოუკიდებლობას იმდენად ღრმა საფუძვლები ჰქონდა, რომ დღემდე ის მემკვიდრეობა მოგვყვება“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

ამ განცხადებით მირიან წიკლაურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრეობა.

მირიან წიკლაურმა ასევე განაცხადა, რომ როგორც ხშირად საუბრობენ, ზვიად გამსახურდია მოისუსტებდა, როგორც პოლიტიკოსი და მხოლოდ ერის სულიერი ლიდერი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის.

„მოდით, თვალი გადავავლოთ მის მოღვაწეობას. დავიწყოთ იმით, რომ მან ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც გაიმარჯვა, გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ყოვლად უკანონო წარმონაქმნი, რუსის ჯარს მიანიჭა საოკუპაციო ჯარის სტატუსი და დაიწყო დეოკუპაციის პროცესი, რაც გადატრიალებამ შეაჩერა და ა.შ. ზოგიერთს თუ ჰგონია, რომ პოლიტიკოსობა მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაა, ყველაფრის ფასად, მისთვის ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსი ვერ იქნებოდა. ჩემთვის ეს ასე არ არის. კარგი და წარმატებული პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც თავის ქვეყნისთვის რაღაც სიკეთეს გააკეთებს“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დადგენა, მირიან წიკლაურმა განაცხადა, რომ მთავარი ის კი არ არის, ჩახმახს ვინ გამოჰკრა თითი, არამედ ის, რომ ზვიად გამსახურდიას მიმართ ოპერაცია მზადდებოდა.

„გროზნოში მე ვესწრებოდი ზვიად გამსახურდიას ცხედრის გაპატიოსნებას და ტყვიის ტრაექტორიამ დამაინტერესა, რადგან რაღაც უცნაური ტრაექტორია იყო. ტყვიას ასეთი ტრაექტორია ჰქონდა – წინიდან უკან და ზემოდან ქვემოთ, რაც ბუნებრივი არ არის, როდესაც ადამიანი თავს იკლავს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ოპერაცია მზადდებოდა და არა ის, ჩახმახს ვინ გამოჰკრა თითი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი იდევნებოდა და ვიღაცები მის მოკვლას გეგმავდნენ. აი, ეს არის მთავარი და ეს უნდა იქნას გამოძიებული“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

მისი თქმით, თუ ეს გარემოებები გამოიძიეს და სიმართლე არ დადგინდა, ეს მომავალში, ძალიან შეგვიშლის ხელს, რომ სწორი მიმართულებით წავიდეთ.