მიქელთაძის შედევრი - ქართველმა ავსტრალიაში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, „ნიუკასლ ჯეტსს“ „ბრისბენ როართან“ გამარჯვებაში (4:0) დაეხმარა და უგოლო სერია შეწყვიტა.

ავსტრალიის A ლიგის მე-14 ტურის საშინაო შეხვედრაში „ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ მიქელთაძე მოხვდა და 85 წუთი ითამაშა. ბექა დარცმელია კი მოედანზე შეცვლაზე, 79-ე წუთზე გამოჩნდა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა – 0:0. მთავარი ამბები მეორე ნახევარში მოხდა. „ნიუკასლ ჯეტსი“ 52-ე წუთზე სოტირიომ დააწინაურა, მასპინძელთა უპირატესობა ბუაგიარმა (72) გაზარდა, მიქელთაძემ კი სუპერგოლი 76-ე წუთზე გაიტანა. საბოლოო ანგარიში გუდვინმა 90+4-ე წუთზე დააფიქსირა – 4:0.

მე-14 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეტსმა“ 17 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. ბექა მიქელთაძემ კი 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ქართველი თავდამსხმელი გატანას თვეზე მეტხანს ვერ ახერხებდა – ბოლოს თავი „ცენტრალ კოასტ მარინერსთან“ 11 დეკემბერს გამოიჩინა და მას შემდეგ 7-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა.