მიქელთაძის მესიჯი „ნიუკასლ ჯეთსის“ გულშემატკივრებს - წაგების შემდეგ ყველა გვაგინებს, ჩვენ კი თანადგომა გვჭირდება #1TVSPORT
მიქელთაძის მესიჯი „ნიუკასლ ჯეთსის“ გულშემატკივრებს - წაგების შემდეგ ყველა გვაგინებს, ჩვენ კი თანადგომა გვჭირდება #1TVSPORT

ავსტრალიური Paramount+-ის სპორტული გადაცემის წამყვანთან, ბენ ჰომერთან „ნიუკასლ ჯეთსის“ თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემ გულახდილად ისაუბრა გუნდის კრიტიკოსებზე და კლუბის გულშემატკივრებს მოუწოდა, რთული პერიოდის დაძლევაში გუნდს მხარი დაუჭირონ.

ოთხი მოუგებელი თამაშის შემდეგ, „ნიუკასლ ჯეთსმა“ მაკდონალდ ჯონსის სტადიონზე „ბრისბენ როარი“ 4:0 დაამარცხა. არტურ პაპასის გუნდმა ოთხივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანა. ერთი მათგანი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე იყო. ბექა მიქელთაძე გასულ სეზონში „ნიუკასლ ჯეთსის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

წელს კი 6-მატჩიანი უგოლო თამაშების შემდეგ პირველად ამ მატჩში გამოიჩინა თავი. „ნიუკასლ ჯეთსის“ ქართველმა ლეგიონერმა საჯარიმოს გარედან გატანილი ეფექტური გოლის შემდეგ ყურებზე ხელები აიფარა და თვალები დახუჭა. ამით კრიტიკოსებს მიანიშნა: „არ გიყურებთ და არ გისმენთ“.

„როდესაც კარგად არ ვთამაშობდით, ტრიბუნებზე გვაგინებდნენ. ახლა კი ყველა ამბობდა, რომ იქნებ გუნდში საქმე არც ისე ცუდადაა. ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრები არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კარგი პერიოდი გვაქვს, თამაშებს ვიგებთ და ყველაფერი კარგად მიდის – თანადგომა ცუდ პერიოდებში განსაკუთრებით გვჭირდება. არადა, ჩავარდნის გამო ბევრი, ბევრი ცუდი რამ მოვისმინე“, – ამბობს მიქელთაძე.

მიქელთაძემ სეზონის მეორე ნახევარში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რადგან „ნიუკასლს“ დაწინაურება და საჩემპიონო ბრძოლის ფინალურ ეტაპზე გასვლა სურს:

„ყველა გუნდი ერთმანეთთან ქულებით ახლოსაა. ჩვენ 17 ქულა გვაქვს. ლიდერების სამეულს 4 ქულით ჩამოვრჩებით, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს კი ქულით ვასწრებთ. ამიტომ ყველა თამაში ფინალს ჰგავს“.