მიქელთაძის დებიუტი - ის პირველი ქართველია, ვინც ავსტრალიაში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქელთაძის დებიუტი - ის პირველი ქართველია, ვინც ავსტრალიაში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშა, მაგრამ ტურნირი მისმა გუნდმა წარუმატებლად დაიწყო.

სამხრეთ ნახევარსფეროს კონდინენტის ჩემპიონატში („ა“ ლიგა) პირველი ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მოირგო „ნიუკასლ ჯეტსის“ ფორმა. მიქელთაძის გუნდმა საშინაო არენაზე „ცენტრალ კოსტ მარინერსს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მის გვერდით ითამაშა კამერუნის ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა ოლივიე ბუმალმაც, რომელიც 2020 წელს „საბურთალოს“ მოთამაშე იყო.

ბექა მიქელთაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ავსტრალიაში ითამაშა. 24 წლის თავდამსხმელმა „ნიუკასლ ჯეტსთან” 2-წლიანი კონტრაქტი აგვისტოში გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ მიქელთაძემ კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, მერე იყო „დინამო თბილისი“, ფამაგუსტას „ანორთოსისი“, „რუსთავი“, ყაზანის „რუბინი“, ვოლგოგრადის „როტორი“, ავსტრალიამდე კი საბერძნეთის „ქსანთი“.