ვოლგოგრადის „როტორი“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც მეორე შეკრება დაიწყო – ბელეკში მათ სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს, მაგრამ გუნდში ხუთის ნაცვლად ოთხი ქართველი ვარჯიშობს.
ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან ბექა მიქელთაძე წავიდა, – ინფორმაციას ვოლგოგრადის „როტორის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ბექა მიქელთაძე „როტორს“ ტოვებს. მხარეთა შეთანხმებით, ფეხბურთელთან თანამშრომლობა ვადაზე ადრე დასრულდა. თავდამსხმელი ვოლგოგრადულ გუნდში 2020 წლის თებერვალში გადმოვიდა. მადლობას ვუხდით ბექას კლუბში გატარებული დროისთვის და კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.
საქართველოს ნაკრების 23 წლის კანდიდატი ვოლგოგრადულ გუნდში ყაზანის „რუბინიდან“ გადავიდა. მიქელთაძე კლუბს პირველ ლიგაში შეუერთდა, სადაც პირველი ადგილი და პრემიერლიგაში გადასვლა იზეიმა. მიმდინარე სეზონში „როტორში“ 14 მატჩი ჩაატარა. თუმცა, ეს ძირითადად შეცვლებზე ხდებოდა, ჯამში 284 წუთი დაუგროვდა და გოლით თავი ვერ გამოიჩინა.