მიქელთაძემ გოლი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქელთაძემ გოლი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის „ა“ ლიგაში „ნიუკასლ ჯეტსის“ ფორმით პირველად გაიტანა და ახალ გუნდში წარმატება ძალიან ემოციურად აღნიშნა.

24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ნიუკასლ ჯეტსში“ შემოდგომაზე გადავიდა. ავსტრალიაში სეზონი ნოემბერში დაიწყო და მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მიქელთაძემ პირველი გოლი ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე ტურში „ვესტერნ სიდნეი უონდერერსს“ გაუტანა, რომელსაც „ნიუკალ ჯეტსი“ „კომბანკ სტედიუმზე“ ესტუმრა.

ბექა მიქელთაძემ მასპინძელთა კარი მე-19 წუთზე პენალტით აიღო და ანგარიში გახსნა – გოლის შემდეგ მაისურა აიწია და გამოაჩინა წარწერა – „მამა მიყვარხარ“. საქმე ისაა, რომ 24 წლის ქართველი თავდამსხმელის მამა, ზაზა მიქელთაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დიდი სურვილის მიუხედავად, ბექამ საქართველოში ჩამოსვლა და მამის დაკრძალვაზე ყოფნა ვერ მოახერხა, რასაც ძალიან განიცდიდა – ამიტომ გასაკვირი არ იყო, ემოციები და ცრემლები რომ ვერ შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ „ვესტერნ სიდნეი უონდერერსს“ მეორე გოლი კამერუნელმა ოლივიე ბუმალმა გაუტანა, რომელიც გასულ სეზონში „საბურთალოში“ თამაშობდა.