მიქელთაძემ ავსტრალიაში ისევ გაიტანა - „ნიუკასლი“ ქართველის გოლმაც ვერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქელთაძემ ავსტრალიაში ისევ გაიტანა - „ნიუკასლი“ ქართველის გოლმაც ვერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „ნიუკასლ ჯეტსს“ ესეც ვერ დაეხმარა ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირებაში და 1:3 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი A-ლიგის მე-18 ტურის საშინაო შეხვედრაში „ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ბექა დარცმელია სათადარიგოებში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა (82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო).

„ვესტერ იუნაიტედმა“ ბოტიჩის დუბლით (3, 29) პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ბექა მიქელთაძეს 27-ე წუთზე შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა, 33-ე წუთზე კი „ნიუკასლ ჯეტსის“ მოპოვებული პენალტი უნაკლოდ შეასრულა და ტაიმი 1:2 დასრულდა.

მასპინძლების მცდელობის მიუხედავად, „ვესტერ იუნაიტედის“ კარი ვერ აიღეს, 72-ე წუთზე კი დუმბიამ „ნიუკასლს“ მესამე გოლი გაუტანა. 90+2-ე წუთზე ბექა დარცმელიამ სტუმართა მეკარე აანერვიულა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და საბოლოოდ სტუმრებმა 3:1 მოიგეს.

18 ტურის შემდეგ, „ნიუკასლ ჯეტსი“ 24 ქულით დარჩა და წაგების მიუხედავად, ავსტრალიის A-ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი შეინარჩუნა. მიქელთაძემ კი 18 ტურის შემდეგ ანგარიშზე 6 გოლი ჩაიწერა.