მიქელთაძე „ქსანტიში“ ჩაირიცხა
მიქელთაძე „ქსანტიში“ ჩაირიცხა

ბექა მიქელთაძე კარიერას „ქსანტიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას საბერძნეთის სუპერლიგა 2-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩვენი კლუბი აცხადებს თანამშრომლობის დაწყებას ბექა მიქელთაძესთან. 23 წლის შემტევი (დაიბადა 26.11.97) ჩვენი გუნდის თავდასხმას გააძლიერებს. ის არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ადრე თავისი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ბექა, კეთილი იყოს „ქსანტიში“ თქვენი მობრძანება!“, – წერია ბერძნული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მიქელთაძე საბერძნეთში რუსეთის ჩემპიონატიდან გადავიდა, სადაც ვოლგოგრადის „როტორის“ მაისურით გამოდიოდა. მანამდე უთამაშია „ზესტაფონში“, „რუსთავში“ და „დინამო თბილისში“, ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და ყაზანის „რუბინში“.

საბერძნეთის სუპერლიგის კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მუდმივი ნომერი უკვე შეარჩია – ის „ქსანტიში“ 90-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საბერძნეთის სუპერლიგა 2-ში ჩატარებული ტურის შემდეგ, „ქსანტიმ“ 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება. თუმცა, ერთი მატჩი მარაგში აქვს და მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილზე დაწინაურების შანსი გააჩნია.