მიქაუტაძის წასვლამ შეტევაში დიდი სიცარიელე დატოვა - „მეცის“ გულშემატკივრები ქართველის დაბრუნებას იმედოვნებენ #1TVSPORT
მიქაუტაძის წასვლამ შეტევაში დიდი სიცარიელე დატოვა - „მეცის“ გულშემატკივრები ქართველის დაბრუნებას იმედოვნებენ #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემამ, Socios Metz-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში დაწინაურებულ და შემდეგ აუტსაიდერებში მოხვედრილ „მეცზე“ წერილი გამოაქვეყნა. წერენ, რომ ზაფხულში ამსტერდამის „აიაქსში“ გადასულმა გიორგი მიქაუტაძემ გუნდის შეტევაში დიდი სიცარიელე დატოვა.

ამ დროისთვის „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა. სეზონის ცუდ დასაწყისს „მეცის“ გულშემატკივარი საკვანძო მოთამაშის დაკარგვას მიაწერს.

„როდესაც შენ ხარ ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ქმნის ყველაზე ნაკლებ შანსებს ევროპის ტოპ 5 ლიგაში, უკეთეს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ უნდა ელოდო. ამ ზაფხულს გიორგი მიქაუტაძის წასვლამ დიდი სიცარიელე დატოვა შეტევაში და თავდასხმის მთელი ხაზი საგრძნობლად დაზარალდა.

გუნდს წამყვანი ბომბარდირის გარეშე შეტევაში პოტენციალის აღსადგენად დრო სჭირდება – შესაძლოა, ძალიან დიდი დროც. ჩვენი გუნდისთვის ძალიან რთულია თამაშის ორგანიზება და მეტოქის საჯარიმოში შესვლა. ამას დაუმატეთ დაცვის ზონაში ჩვენთვის საბედისწერო შეცდომები.

ამ ეტაპზე მე-16 ადგილზე უკეთეს ადგილზე ყოფნის იმედი არ გვაქვს. ჩვენ იქ ვართ, სადაც ვართ. გულშემატკივრებს პოზიციის შესანარჩუნებლად გრძელი და რთული სეზონის ატანა მოუწევთ“, – წერს Socios Metz-ი.

„მეცი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა გამოსავლის პოვნას, მაგრამ უშედეგოდ. სეზონის დაწყება არაამბიციური სატრანსფერო „ფანჯრის“ ლოგიკური შედეგი გახდა. ცენტრალური მცველის, ერელის გარდა, რომელიც მშვენივრად მოერგო გუნდს, ახალწვეულები იმედებს ვერ ამართლებენ.

მიქაუტაძის ნაცვლად სამი მოთამაშე მოვიდა, მაგრამ ესტუპინანს, ტეტეს (ორივე – „ჰალ სიტი“) და და ელისორს („ლავალი“) ჯერ ერთი გოლიც არ გაუტანიათ. ეს გამაღიზიანებელია. „მეცს“ ახასიათებს სატრანსფერო „ფანჯარაში“ მინიმალური დანახარჯით ფონს გასვლა და მოთამაშეების ზამთრის შესვენებაზე დამატება, როდესაც ხვდებიან, რომ პოზიციის შესანარჩუნებლად არსებული რესურსი არასაკმარისია“, – წერს Socios Metz-ი.