მიქაუტაძის „მეცი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
მიქაუტაძის „მეცი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „სოშოს“ ესტუმრა, 1:0 დაამარცხა და საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 37-ე ტურის შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველის გუნდი უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა – ორჯერ მეტოქის კარს გიორგი მიქაუტაძეც დაემუქრა, მაგრამ „სოშოს“ მეკარეს ვერ აჯობა.

„მეცი“ 49-ე წუთზე დაწინაურდა. სტუმრების სწრაფი და ეფექტური შეტევა სენეგალელმა თავდამსხმელმა შეიხ საბალიმ დააგვირგვინა. 61-ე წუთზე „სოშოს“ მდგომარეობა დამძიმდა, რადგან სკელი ალვერო უხეშობისთვის გააძევეს. მატჩის მიწურულს თავის გამოჩენა მიქაუტაძეს შეეძლო, მაგრამ მეკარემ კვლავ შესანიშნავად ითამაშა, 90-ე წუთზე კი გიორგი შეცვალეს და ბოლო პერიოდში პირველად დატოვა მოედანი ისე, არც გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 37 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარება შეიქმნა – ლიდერმა „ჰავრმა“ „ბასტიასთან“ გასვლაზე 1:1 ითამაშა და 72 ქულა დააგროვა. „მეცი“ 69 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა და ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ (69) ქულებით დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე დააქვეითა. ახლა ლიგა 1-ში გადასვლის შანსი სამივე გუნდს აქვს.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ბოლო შეხვედრას მიქაუტაძის „მეცი“ 2 ივნისს შინ „ბასტიასთან“ გამართავს, ხოლო დავითაშვილის „ბორდო“ „როდეზს“ მიიღებს.