მიქაუტაძის „ლიონმა“ აუტსაიდერი „მონპელიე“ ბოლო წუთებზე დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ 2025 წელი აუტსაიდერ „მონპელიესთან“ შეხვედრით გახსნა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოიპოვა – 1:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა. გუნდი შეტევებს ვერ ამწვავებდა, ხოლო 53-ე წუთზე გოლიც გაუშვა, თუმცა ვიდეორეფერიმ ის გააუქმა.
მიქაუტაძე წლის პირველ დაპირისპირებაში „ლიონის“ სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და მიზანს მაინც მიაღწიეს – 90+2-ე წუთზე ალექსანდრე ლაკაზეტის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში „მონპელიეს“ მოთამაშემ, ხალილ ფაიადიმ, ჩაჭრა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 16 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 28 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე, ანუ ევროპალიგის ზონაშია.