მიქაუტაძის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა - „მეცი“ შინ „ლიონთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მიქაუტაძის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა - „მეცი“ შინ „ლიონთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ხუთთვიანი პაუზის შემდეგ „ლიონს“ გაუტანა და უგოლო თამაშების სერია შეწყვიტა, მაგრამ „მეცმა“ საშინაო მატჩში ქულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა – 1:2.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში „მეცმა“ უმასპინძლა იმ გუნდს, რომელმაც მიქაუტაძე გაზარდა და შემდეგ სხვა გუნდში გაუშვა.

გიორგიმ მე-13 წუთზე გადაცემა ჩაჭრა, ჯეკ ობრაიანს გასცდა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და საფრანგეთში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

თუმცა 45+1-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის გოლით „ლიონმა“ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ალჟირელმა ნახევარმცველმა, საიდ ბენრაჰმამ „ლიონი“ დააწინაურა და, საბოლოოდ როგორც გაირკვა, თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 23-ე ტურის შემდეგ „მეცი“ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე დარჩა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალურ მატჩებში უგოლო თამაშების სერია შეწყვიტა, რომელიც 2023 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო – ბოლოს მან საქართველოს ნაკრებში, კვიპროსს გაუტანა, ხოლო საკლუბო დონეზე „მეცში“ 27 აგვისტოს „კლერმონის“ კარი აიღო. ახლა კი მან ხუთთვიანი და 21-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა.