მიქაუტაძის გოლი საფრანგეთში პაულეტას შედევრს შეადარეს - ქართველი ბელგიურ ტოპ-3-ში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
მიქაუტაძის გოლი საფრანგეთში პაულეტას შედევრს შეადარეს - ქართველი ბელგიურ ტოპ-3-ში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის გოლი ბელგიაში პირველი დივიზიონის ტურის საუკეთესოებში მეორე ადგილზე გავიდა – ინფორმაციას viamoselle tv ავრცელებს.

ფრანგულ ქალაქ მოზელში მაუწყებელმა არხმა სიუჟეტი მოამზადა ქართველ თავდამსხმელზე და მასთან ერთად კომენტარი ქართველის ამჟამინდელი კლუბის, „სერენის“ წარმომადგენელსაც ჩამოართვა და „მეცის“ დირექტორსაც, რომელსაც გიორგის ტრანსფერი ეკუთვნის.

„ბელგიურმა კლუბმა „სერენმა“ ადგილობრივი მოთამაშეებისა და „მეციდან“ იჯარით დამატებულთა ხარჯზე შემადგენლობის შესანიშნავი ნაზავი ჩამოაყალიბა. „სერენმაპლეი-ოფში ასპარეზობა უკვე ოფიციალურად გაინაღდა და გუნდი შეეცდება, მომავალ სეზონში ბელგიური ფეხბურთის ელიტაში 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდეს. პაულეტას სტილში გიორგი მიქაუტაძის გოლმა კი D1B-ის ტურის გოლებში მე-2 ადგილი დაიკავა“, – წერია viamoselle tv გვერდზე.

მიქაუტაძემ ბელგიის პირველი დივიზიონის 26-ე ტურში „დეინცეს“ კარში გოლი ლამის კუთხურიდან გაიტანა. ფრანგულმა რეგიონულმა მაუწყებელმა 20 წლის ქართველი თავდამსხმელის გოლი პედრო პაულეტას შედევრს შეადარა, რომელიც ცნობილმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშისას საფრანგეთის ჩემპიონატში 2004-2005 წლების სეზონში „მარსელის“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარეს ფაბიენ ბარტეზს გაუტანა.