მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა - ქართველების დაპირისპირება დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ მოიგო #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართველების დაპირისპირება გაიმართა – ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:1.
30-ე ტურის შეხვედრაში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო – ზურიკო 89-ე წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძემ კი სრულად ითამაშა. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო – „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო „სენტ-ეტიენი“ – ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის.
ანგარიში „სენტ-ეტიენმა“ სწრაფად გახსნა – მე-10 წუთზე ფლანგური გადაცემა ლუკას სტასინმა ეფექტური თავურით დააგვირგვინა. 37-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ზურიკოსაც ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა მომენტით ვერ ისარგებლა.

შესვენების შემდეგ დავითაშვილმა სამი კარგი მომენტი შექმნა – ორჯერ „ლიონის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა, მესამედ კი მიზანს ააცილა. მიქაუტაძეს (ყვითელი მიიღო) მცველები საიმედოდ ეთამაშებოდნენ და ერთ ეპიზოდში დარტყმის მცდელობა დაუბლოკეს, მეორედ კი მისი დარტყმული კარს ასცდა. 67-ე წუთზე სტასინმა დუბლი შეასრულა და „სენტ-ეტიენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ლიონმა“ დიდი ძალებით შეუტია და მხოლოდ ის მოახერხა, რომ 76-ე წუთზე ტენერ ტესმანმა გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში 30 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენი“ 27 ქულით მე-19 ადგილზეა, ხოლო „ლიონი“ (51) მე-6 პოზიციაზეა.