მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა - ქართველების გუნდები ლიგა 1-ისთვის იბრძვიან [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველებმა საფრანგეთის ლიგა 2-ში მატჩები ჩაატარეს – მორიგი გოლით თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო „კაენთან“ გასვლით შეხვედრაში და 59 წუთი ითამაშა. ამ დროისთვის მისი გუნდი 2:1-ს იგებდა, მაგრამ სტუმრებს მოთამაშე გაუგდეს და „კაენმა“ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა – 2:2.

გიორგი მიქაუტაძემ კი მორიგი გოლი გაიტანა – მისი „მეცი“ გასვლაზე ნიმისოლიმპიკს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. გიორგი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა.

ამ მოგებით, 18 ტურის შემდეგ „მეცი“ (28) მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და ლიგა1-ში გადასვლისთვის ბრძოლაში კარგ პოზიციაში აღმოჩნდა. „ბორდომ“ (32) კი მეორე ადგილი შეინარჩუნა.